ბათუმი, 12–13 დეკემბერი, 2025 წელი
ფორუმის „მაჭახელას პროდუქტი-ტრადიციისა და ბუნების ჰარმონია“ ფარგლებში ადგილობრივი პროდუქტის „მაჭახელას პროდუქციის“ ბრენდის ნიშანი, პირველი გამოცემის ფარგლებში 9 ადგილობრივ მწარმოებელსა და ინიციატივას მიენიჭა, როგორც აღიარება მათი საქმიანობისა დაფუძნებული ადგილობრივ რესურსებზე, ტრადიციებზე და ბუნების დაცვის პრინციპებზე, ხელშემწყობი მაჭახელას ხეობის (აჭარა, საქართველო) განვითარებისა.
მაჭახელას ხეობაში მრავალწლიანი მუშაობის შედეგი
ფორუმი – მაჭახელას ხეობაში მრავალი წლის განმავლობაში განხორციელებული თანამშრომლობის შეჯამება. თანამშრომლობა, რომელიც ხორციელდებოდა ქართველი და პოლონელი პარტნიორების მიერ – “ეკოგანვითარების ფონდი”-სა და “შავი ზღვის ეკო აკადემია”-ს მონაწილეობით, პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით. ამ თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა საქართველოში პირველი ადგილობრივი ბრენდი — არა როგორც ერთჯერადი ნიშანი, არამედ როგორც ადგილობრივი მეწარმეობის მხარდამჭერი ერთიანი სისტემა.
მაჭახელას ხეობა, რომელიც მდებარეობს საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, არის ადგილი, სადაც ბუნება და ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრება მჭიდროდ არის გადაჯაჭვული. დაცული ტყეები, მთიანი ლანდშაფტები. მაჭახელას ეროვნული პარკისა და მაჭახელას დაცული ლანდშაფტის არსებობა ქმნის ჩარჩოს ისეთი საქმიანობებისთვის, რომლებიც აერთიანებს ბუნების დაცვასა და ადგილობრივ განვითარებას. ეს არის სივრცე, სადაც ბუნების დაცვა წარმოადგენს განვითარებაზე მიმართული საქმიანობების საწყისს — ადგილობრივ მოსახლეობასთან თანამშრომლობის, ადგილობრივი მეწარმეობის და ბუნებრივი რესურსების პასუხისმგებლიანი გამოყენების საფუძველზე.
რას ნიშნავს ადგილობრივი ბრენდი მაჭახელაში
ორგანიზატორების ხედვით, ადგილობრივი ბრენდი არის თანამშრომლობისა და განვითარების ინსტრუმენტი და არა მხოლოდ სარეკლამო ფორმა. იგი ხელს უწყობს პროდუქციისა და სერვისების ხარისხის გაუმჯობესებას, ადგილობრივი მწარმოებლების პოზიციონირების გაძლიერებას და ერთიანი რეგიონული შეთავაზების შექმნას — მასობრივი ტურიზმისა და ბუნებრივი რესურსების გადაჭარბებული ექსპლუატაციის ზეწოლის გარეშე.
მაჭახელაში ბრენდი ასევე ასრულებს ორგანიზებულ და გამაერთიანებელ როლს, აკავშირებს ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოსდაცვით საქმიანობებს და აძლიერებს საერთო სივრცის მიმართ საერთო პასუხისმგებლობის განცდას.
ფორუმის განმავლობაში არაერთხელ იქნა ნახსენები პოლონური გამოცდილება, როგორც „მაჭახელას პროდუქტის“ ბრენდის შექმნის შთაგონება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ბარიჩის ხეობის მაგალითი, სადაც წლების განმავლობაში ფუნქციონირებს ადგილობრივი ბრენდის ირგვლივ ჩამოყალიბებული ფართო თანამშრომლობის სისტემა, ასევე ოდრის ჭალის რეგიონი (Kraina Łęgów Odrzańskich), რომელმაც აქტიურად გააზიარა გამოცდილება სტანდარტების შექმნის, მწარმოებლებთან მუშაობისა და ადგილობრივი ბრენდის გრძელვადიანი მართვის მიმართულებით.
ამ მაგალითებმა აჩვენა, რომ ადგილობრივი ბრენდი შეიძლება იყოს ეფექტური განვითარების ინსტრუმენტი — იმ შემთხვევაში, თუ იგი ეფუძნება პარტნიორობას, ნდობას და ადგილობრივი თემების რეალურ ჩართულობას.
ახალი ასოციაცია და საქმიანობის ახალი ეტაპი
ფორუმის ფარგლებში პირველად ოფიციალურად იქნა წარმოდგენილი ახლად დაფუძნებული “მაჭახელას განვითარების ასოციაცია”. მომდევნო წლებში ასოციაცია, მათ შორის, პასუხისმგებელი იქნება ადგილობრივი ბრენდის შემდგომ განვითარებასა და გაძლიერებაზე. მისი შექმნა ნიშნავს საქმიანობის ახალ ეტაპს, სადაც ბრენდის სისტემაზე პასუხისმგებლობა სულ უფრო მეტად გადადის ადგილობრივი მოსახლეობის ხელში, რაც გადამწყვეტია მისი მდგრადობისა და თანამშრომლობასა და საზოგადოებრივ ჩართულობაზე დაფუძნებული შემდგომი განვითარებისათვის.
დაცული ტერიტორიები და საერთაშორისო თანამშრომლობა
ფორუმი ასევე გახდა შესაძლებლობა დაცული ტერიტორიების მმართველი სტრუქტურების შეხვედრისთვის საქართველოდან და პოლონეთიდან, მათ შორის კარკონოშეს ეროვნული პარკის, მაჭახელას ეროვნული პარკისა და მტირალას ეროვნული პარკის წარმომადგენლების მონაწილეობით. განხილვები შეეხებოდა პარკებს შორის არსებულ თანამშრომლობას და მისი შემდგომი განვითარების შესაძლებლობებს — როგორც ბუნების დაცვის, ისე ადგილობრივ მოსახლეობასა და მეწარმეებთან თანამშრომლობის კონტექსტში.
მადლობის გამოხატვა და ცვლილების შემქმნელი მხარეები
ფორუმის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო მადლობის გამოხატვას იმ ორგანიზაციების, ინსტიტუციებისა და პირების მიმართ, რომლებმაც წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მაჭახელას ხეობის განვითარების სტრატეგიულ დაგეგმვაში, ადგილობრივ დონეზე თანამშრომლობის გაძლიერებასა და მოსახლეობასთან უშუალო მუშაობაში. განსაკუთრებული აღიარება დაეთმო თავად მაჭახელას ხეობის მცხოვრებლებს — ადამიანებს, რომლებმაც აირჩიეს მოქმედება, ჩართულობა და საკუთარი რეალობის ფორმირებაზე პასუხისმგებლობის აღება.
სწორედ მათი გადაწყვეტილებები, ყოველდღიური შრომა და თანამშრომლობის მზადყოფნა აქცევს ადგილობრივ ბრენდს რეალურ განვითარების ინსტრუმენტად.
ბათუმში გამართულმა ადგილობრივი პროდუქტის ფორუმმა აჩვენა, რომ საზოგადოებრივად მართული ადგილობრივი ბრენდი წარმატებით აერთიანებს ბუნების დაცვასა და ადგილობრივი მეწარმეობის განვითარებას და რომ მაჭახელას ხეობა დღეს არის ადგილი, სადაც ეს იდეები გარდაიქმნება კონკრეტულ ქმედებებად და მომავალზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებებად.
ფორუმი როგორც ადგილობრივი მეწარმეობის მხარდამჭერი პროექტის ნაწილი
ადგილობრივი პროდუქტის ფორუმი განხორციელდა პროექტის „დაცული ტერიტორიები — ადგილობრივი მეწარმეობის შესაძლებლობა“ ფარგლებში, რომელიც თანადაფინანსებულია პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლონური განვითარების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში. პროექტის მიზანი იყო მაჭახელას ხეობის ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერა ადგილობრივ რესურსებზე, სოციალურ თანამშრომლობასა და ბუნების დაცვის პრინციპებზე დაყრდნობით.
პროექტის ფარგლებში ორგანიზებული იყო სასწავლო ვიზიტები და ექსპერტთა გაცვლები პოლონეთსა და საქართველოს შორის, ინტენსიური მუშაობა განხორციელდა ადგილობრივი ბრენდის სისტემის შექმნასა და დანერგვაზე, ასევე განხორციელდა საქმიანობები ადგილობრივი მწარმოებლებისა და მომსახურების მიმწოდებლების კომპეტენციების გასაძლიერებლად.
პროექტის მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო მცირე გრანტების პროგრამაც, რომლის ფარგლებშიც 17 ადგილობრივ ინიციატივას მიენიჭა ფინანსური მხარდაჭერა ადგილობრივი მეწარმეობის განვითარებისათვის. გრანტებმა მაჭახელას ხეობის მცხოვრებლებს მისცა შესაძლებლობა განევითარებინათ პროდუქტები, სერვისები და საქმიანობები ადგილობრივ ბუნებრივ და კულტურულ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით, ასევე მომზადებულიყვნენ ახლად შექმნილი ადგილობრივი ბრენდის ფარგლებში საქმიანობისთვის.































4 dni temu





![Od 2026 roku ruszają masowe kontrole, a kary sięgają 5000 zł [24.12.2025]](https://warszawawpigulce.pl/wp-content/uploads/2025/12/okladka-97.jpg)








